18.05.2020
ქართველი მეწარმეები ბელარუსულ ტექნიკას შეღავათიან ფასებში შეიძენენ. როგორც დღეს საქართველოსა და ბელარუსის ბიზნეს სექტორების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, ბელარუსის მთავრობა საკუთარ ქვეყანაში წარმოებულ ტექნიკაზე, ძირითადად სოფლის მეურნეობის დარგში, ექსპორტის ხელშეწყობის მექანიზმების დანერგვას აპირებს.
კომპანია „მიქსორის“ დირექტორის ილია შიხაშვილის ინფორმაციით, ხელშეწყობა კონკრეტული მიმართულებით ტექნიკის შესყიდვის პირობებში თანადაფინანსებას გულისხმობს.
„ეს ხელს შეუწყობს დაინტერესებულ კომპანიებს, ძირითადად სოფლის მეურნეობის დარგში. პროცენტის თანადაფინანსება მოხდება ეროვნული ბანკის კურსით. ბელორუსია ტექნიკას მრავალი მიმართულებით აწარმოებს, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და ქარხანათმშენებლობის მხრივ. მათ ასევე ჰყავთ დილერები საქართველოში. სწორედ ამ მიმართულების კომპანიებს საქართველოდან ექნებათ შესაძლებლობა, რომ შეღავათიან ფასებში შეიძინონ აღნიშნული ტექნიკა“, - განმარტა შიხაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, უახლოესი სამი-ექვსი თვის განმავლობაში ეს მხარდაჭერის მექანიზმი მუშაობას დაიწყებს.